შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სენატის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკა ყველაფერს იღონებს, რათა რუსული გაზსადენის პროექტი "ჩრდილოეთის ნაკადი 2" არ განხორციელდეს და ევროპას საფრთხე არ შეექმნას.
რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რათა სანქციების გვერდის ავლით, როგორმე დაასრულოს გაზსადენის მშენებლობა, რომელიც რუსულ ბუნებრივ აირს ბალტიის ზღვის გავლით ევროპასთან დააკავშირებს.
ამ დროისთვის მილსადენის პროექტის 90% განხორციელებულია. იგი შედება ორი პარალელური ხაზისგან, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და თითოეული მათგანის სიგრძე 1230 კილომეტრია.
პროექტის მიხედვით მილსადენმა, უკრაინის გვერდის ავლით, ევროპას ყოველწლიურად 55 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი უნდა მიაწოდოს. ალტერნატიული გაზსადენის გამო უკრაინა ყოველწლიურად დიდძალ თანხას დაკარგავს.
შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება პროექტს იმ მოტივით, რომ იგი აძლიერებს კრემლის ძალაუფლებას ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე და სჯის უკრაინას, რომელიც მის აღმოსავლეთ პროვინციებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძვის.
"ჩვენ გვჭირდება დამატებითი ინსტრუმენტები. ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ეს საშუალებები, თუ თქვენ მოგაწვდით მათ", - განუცხადა პომპეომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს.
პომპეოს განცხადებით, ის თვლის, რომ გაზსადენის პროექტის განხორციელებაში ჩართული კომპანიები კარგად ხვდებიან თუ რა საფრთხეს უქადის მათ ამერიკული სანქციები.
მისივე თქმით, გერმანია შეერთებული შტატების შეშფოთებას გაზსადენის პროექტთან დაკავშირებით არ იზიარებს.
"ჩვენ თავად ვიმოქმედებთ, რათა მივაღწიოთ ევროპელი ხალხის უსაფრთხოების შენარჩუნებას", - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 21 ივლისს გაზსადენის პროექტის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.