რუსული დაზვერვა იყენებს ინგლისურენოვან ვებგვერდებს შეერთებულ შტატებში კორონავირუსის პანდემიის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად. იტყობინება Associated Press-ი, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ვებგვერდები, რომლებიც მიზნად დეზინფორმაციასა და მოსახლეობაში პანიკის დათესვას ისახავდნენ, აშკარა მტკიცებულებებით რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან არიან დაკავშირებულნი.
ამერიკული სადაზვერვო სამსახურების მიერ იდენტიფიცირებულია სამი ვებგვერდი Inforos.ru, infobrics.org და oneworld.press, რომლებზეც განთავსებული ათეულობით სტატია კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით რუსეთის რეაგირებას განადიდებდა, ხოლო შეერთებული შტატებისას უსუსურად წარმოაჩენდა.
როგორც Associated Press-ი იტყობინება, დეზინფორმაციის გავრცელებაში რუსეთის კვალის აღმოჩენა "მნიშვნელოვანი საკითხია ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რადგან აშშ-ის ოფიციალური პირები ცდილობენ თავიდან აიცილონ 2016 წლის შემთხვევები, როდესაც რუსეთმა წამოიწყო ფარული სოციალური მედიის კამპანია ამერიკული საზოგადოებრივი აზრის გაყოფის მიზნით."
აღსანიშნავია, რომ ანტიდასავლური და პრორუსული დეზინფორმაცია საქართველოშიც აქტიურად ვრცელდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რეფორმების ასოციაციამ მოამზადა ანგარიში, სადაც მიმოხილულია ანტიდასავლური და პრორუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელი საშუალებების გზავნილები და ტენდენციები.