განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები გამოაცხადეს.
საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით დაფინანსდა 11 მიმართულება (ბიზნესი და ეკონომიკა, ჰუმანიტარული, სოციალური, სამართალი, საინჟინრო, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყველო, აგრარული, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნება, ჯანდაცვა), რომელთაგან, მთავრობის მიერ, პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული საბუნებისმეტყველო, აგრარული, საინჟინრო, პედაგოგიკის მიმართულებები.
განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, წელს, საქართველოს მთავრობის ინციატივით, სამაგისტრო პროგრამებზე მიღების ახალი მოდელი დაინერგა, რომელმაც შესაძლებელი გახადა სამაგისტრო პროგრამების ცენტრალიზებულად, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის მიხედვით დაფინანსება.
წელს მაგისტრანტობის 5332-მა კანდიდატმა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად პირველად ჩააბარა საერთო სამაგისტრო გამოცდა.
საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სპეციალობის გამოცდის შედეგის გათვალისწინებით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სამაგისტრო პროგრამებზე ჩაირიცხა 3092 მაგისტრანტი, რომელთაგან პირველად, სრული სახელმწიფო დაფინანსება მიიღო 920-მა მაგისტრანტმა.
სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, საერთო სამაგისტრო გამოცდის მიზანია
მაგისტრატურაში მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საუკეთესო მაგისტრანტების გამოვლენა მათი დაფინანსების მიზნით.