„ჯერჯერობით 2016 და 2018 წლების გამოცდილება გვკარნახობს, რომ 41-ის წინააღმდეგ მარტო დარჩენილი 5-იანი არ დამთავრებულა ოპოზიციისთვის სასარგებლოდ, - განაცხადა „ევროპული საქართველოა ლიდერმა, გიგი უგულავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
მისი თქმით, საზოგადოების დაკვეთაა ოპოზიციის ერთიანობა, ამიტომ ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისს გარეთაც უნდა წარმოადგინონ ერთიანი ძლიერი კანდიდატები.
„ჯერჯერობით 2016 და 2018 წლების გამოცდილება გვკარნახობს, რომ 41-ის წინააღმდეგ მარტო დარჩენილი 5-იანი არ დამთავრებულა ოპოზიციისთვის სასარგებლოდ. ამიტომ, მარტივი გამოსავალი - თუ ქალბატონმა ხატიამ (დეკანოიძემ) განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ამას მხოლოდ მივესალმები. აქ არავინაა ჩაჯინებული. საზოგადოების დაკვეთაა ერთიანობა და ეს ოპოზიციაში ყველას კარგად ესმის. პარტიული ეგო ყველამ გვერდით უნდა გადავდოთ. ხაზგასმით მინდა, ნაციონალურ მოძრაობას მადლობა გადავუხადო, რადგან ყველანაირი შეთანხმების, საერთო ოპოზიციური თანხმობის საფუძვლად ვხედავ თბილისის შეთანხმებას, სადაც ისინი მონაწილეობენ. დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისს გარეთ უნდა შევქმნათ ერთიანი ძლიერი, მთავარი ოპოზიციური კანდიდატი“, - განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა იყოს დათქმა, რომ მეორე ტურში გამარჯვებულ ოპოზიციურ კანდიდატს სრულფასოვანად დაუჭერენ მხარს.
დღეს, 27 ივლისს, გიგი უგულავამ ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა თბილისს გარეთ 22-ივე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარ კანდიდატს აყენებს და მოუწოდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს, შეჯერდნენ საერთო კანდიდატებზე. თბილისის 6 ოლქში მიღწეული შეთანხმება საერთო კანდიდატების შესახებ, რომელშიც ენმ-ც მონაწილეობს, ძალაში რჩება.