ყველაზე ძვირფასი, ჩვენი შვილების სიცოცხლისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა "ტვ პირველთან" განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში, ფაქტობრივად გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკაა.
"ეს არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ ლოგიკური შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელიც გაატარა “ქართულმა ოცნებამ”. მან გადმოიბარა უსამართლო სამართალდამცავი სისტემა და სასამართლო და ახლა თავის პოლიტიკურ ნებას დაუქვემდებარა. ვხედავთ, რომ ეს სისტემა კანონსა და ადამიანის უფლების დაცვას კი არ ექვემდებარება, არამედ ემსახურება სიმართლის ჩაფარცხვას და მკველებისთვის ხელების დაფარებას.
ჩვენ მოვითხოვთ მთავარი პროკურორის გადადგომას, რომელიც ერთხელ უკვე გადადგა ასეთი საქმის და ძალიან ტრაგიკული შემთხვევის ჩაფარცხვის გამო და მეორედ აირჩია ტაშის კვრით პარლამენტმა და დააბრუნა თანამდებობაზე. ასევე მოვითხოვთ გომელაურის გადადგომას. არ გვაქვს ილუზია, რომ სისტემას მხოლოდ ეს ორი ადამიანი მართავს და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. სისტემა უნდა შეიცვალოს და ეს მოხდება 3 თვეში, მაგრამ მანამდე მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას პირადი პასუხისმგებლობის პრეცენდენტი, როდესაც ჩაფლავებული საქმისთვის ადამიანები წავლენ სახლში, ხოლო თუ დანაშაული გამოიკვეთება მათ ნიშნებში, წავლენ ციხეში.
დღეს ისეთი გარემოა, რომ ჩვენ დედები ჩვენი შვილების განათლებაზე და კარგი პირობების შექმნაზე კი აღარ ვლაპარაკობთ, არამედ უკვე სიცოცხლე გახდა დასაცავი. მაგრამ, არ შეგეშინდეთ დედებო, ყველაზე ძვირფასი, ჩვენი შვილების სიცოცხლისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ, რადგან ჩვენ ვართ უპირობოდ მართლები. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ამ ჩაჭაობებულ სისტემას არ გადავტეხავთ წელში", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.