გელათის სამონასტო კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვან მთავარ ტაძარში წყალი ისევ ჩადის. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი ავრცელებს.
"ისევ მოვედი, რომ მენახა ჟონავს თუ არა წყალი ტაძარში. კარგად ჩანს გაჟღენთილი კედელი გუშინწინდელი წვიმის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გვეუბნებიან, რომ ეს პრობლემა აღარ არსებობს, ხედავთ ჩამოცვენილი ბათქაშს, ხედავთ წყლისგან გაჟღენთილ კედელს, ქვიშა სველია. ეს ხდება გუშინწინდელი წვიმის შემდეგ.
როგორც ჩანს, სახელდახელოდ გაკეთებული ბრიზენტის სახურავი პრობლემას ვერ ხსნის, დროებითაც კი", - აცხადებს ბარათაშვილი მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აღიარებს პრობლემის არსებობას და აცხადებს, რომ გამოვლენილმა ხარვეზებმა ნათლად აჩვენა, რომ გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გადახურვების სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ დეფექტებით შესრულდა.
სააგენტო ირწმუნება, რომ დეფექტიანი სახურავი ახლით გამოიცვლება, მანამდე კი დროებითი გადახურვა დამონტაჟდა, რაც როგორც ირკვევა, ეფექტური არ აღმოჩნდა.
1994 წელს გელათის სამონასტრო კომპლექსმა ბაგრატის ტაძართან ერთად მიიღო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 2006 წლის 7 ნოემბერს, მიენიჭა საქართველოს კულტურის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი. 2010 წელს გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში გადავიდა.
2010-2017 წლებში ძეგლი იმყოფებოდა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში, სიიდან ამოიღეს 2017 წლის 10 ივლისს.