საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, კანდიდატებთან შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტი ორ ეტაპად გამართავს და მეორე შეხვედრა კანდიდატების ნაწილთან 20 ივლისს შედგება.
"საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 14 -მა პირმა გამოთქვა.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები 9 კანდიდატმა დააკმაყოფილა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიიღებს", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იუსტიციის საბჭოს წევრის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.