იუნესკო აცხადებს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი გადახედავს აია სოფიას სტატუსს, მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას მისი მეჩეთად გადაკეთების შესახებ.
იუნესკოს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აია სოფიას უნივერსალურ ღირებულებას, რომელიც თაობებსა და ქვეყნის საზღვრებზე მაღლა დგას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ძეგლი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში მოხვდეს.
"სახელმწიფოებმა ძეგლის სტატუსის ნებისმიერი ცვლილების შესახებ წინასწარ უნდა აცნობონ იუნესკოს, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მისი სტატუსის გადახედვა", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, იუნესკომ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილების გამო ღრმა მწუხარება და შეშფოთება გამოხატა.
იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულემ თავისი შეშფოთება იუნესკოში თურქეთის წარმომადგენელს უკვე გაუზიარა.
"იუნესკოს გენერალური დირექტორი ღრმა წუხილს გამოხატავს თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიიღეს წინასწარი დიალოგის გარეშე, აია სოფიას სტატუსის შესაცვლელად", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მუსტაფა ქემალ ათათრურქის 1934 წლის დეკრეტი აია სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ. ამის შემდეგ რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ.
აია სოფია, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ქრისტიანული ბიზანტიისა და მუსლიმური ოტომანთა იმპერიის შუაგულში მდებარეობდა, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ძეგლია.
1453 წელს ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე, აია სოფია კონსტანტინოპოლში აღმართულ ქრისტიანობის სიმბოლოდ 900 წლის განმავლობაში რჩებოდა.
აია სოფია მუზეუმად 1934 წელს, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათა თურქის მმართველობის დროს გადაკეთდა.