2010 წლის 20-24 ოქტომბერს თბილისში აღინიშნება ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 100 წლისთავი. საიუბილეო დღეების აღნიშვნის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები. დაიდგმება ა. კრეინის ბალეტი "ლაურენსია" და ლ. მინკუსის "დონ კიხოტი". 24 ოქტომბერს კი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება.
გალა-კონცერტის პროგრამაშია: კლასიკური ბალეტებიდან (გედების ტბა, მანონი, ბაიადერა, ესმერალდა), ასევე ჯორჯ ბალანჩინის, ირჟი კილიანის, მარია პაგეს, სტენტონ უელშის, კენეტ მაკმილანის ქორეოგრაფიული მინიატურები და ნაწყვეტები მათი ბალეტებიდან. გალა-კონცერტზე შესრულდება პა'დ აქსიონი ა.კრეინის ბალეტიდან "ლაურენსია" (ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია). საიუბილეოდ აღდგენილი იქნა ადაჟიო პირველი ქართული ბალეტიდან " მთების გული" (ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია). სახელმწიფო ანსამბლ "რუსთავთან" ერთად ამავე ბალეტიდან აღდგენილი იქნა "ხორუმი".
გამოჩენილი მოცეკავავისა და დიდი ქორეოგრაფის, ქართული კლასიკური ბალეტის ფუძემდებლის იუბილე იუნესკომ ჯერ კიდევ გასულ წელს შეიტანა იმ ჩამონათვალში, რომელსაც იუნესკოს წევრი სახელმწიფოები აღნიშნავენ.
გალა-კონცერტში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოდიან მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები: ამერიკის ბალეტის თეატრის (ანხელ კორელა,კარმენ კორელა), კოვენტ გარდენის (თამარა როხო, დავით მახათელი), მარიას თეატრის (ირმა ნიორაძე, იგორ ზელენსკი, ანდრეი ერმაკოვი), დიდი თეატრის (ანასტასია სტაშკევიჩი, ვიაჩესლავ ლოპოტინი), ინგლისის ნაციონალური ბალეტის (ელენე გლურჯიძე, არიონელ ვარგასი), სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მოსკოვის მუსიკალური თეატრის (ნატალია სომოვა, სემიონ ჩუდინი), ჩელიაბინსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის (ალექსანდრე ცვარიანი)
24 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მოეწყობა ფოტოგამოფენა "ვახტანგ ჭაბუკიანი და ქართული ბალეტი".
საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ჭაბუკიანის ძეგლის პროექტზე, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში დაიდგმება.