კონგრესში წარდგენილ კანონპროექტზე, რომლითაც საქართველოს შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარების 15% შეუჩერდეს, განმარტება საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააკეთა. მისი თქმით, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ თითქოს კონგრესმა კანონში სანქციების დაწესების შესახებ შესწორებები შეიტანა, სიცრუეა.
"ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც მედია აჟღერებს უკვე ორი დღეა, ისინი ამბობენ, რომ ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს უკვე დაუწესეს - რაც სიცრუეა. ეს სანქციები არ შესულა კანონში, იყო ამის მცდელობა, მაგრამ არ შესულა, ეს წერია მხოლოდ რეპორტში, რომელსაც არანაირი ძალა არ აქვს“, - აცხადებს დავით ზალკალიანი.
კონგრესი ახლა მაიკ პომპეოს ანგარიშს ელოდება, სადაც უნდა აღინიშნოს, თუ როგორ ვითარდება საქართველოში დემოკრატიული პროცესები. სწორედ ამის შემდეგ მიიღებს კონგრესი საბოლოო გადაწყვეტილებას, შეუჩერდება თუ არა, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დახმარების 15%.