თბილისის მერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ გარემოზე ზრუნვას ბავშვები საბავშვო ბაღიდან და სკოლიდან უნდა შეეჩვივნენ.
ამის შესახებ უგულავამ კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული კვირეულის გახსნაზე განაცხადა.
"არსებობს მოსაზრება, რომ კლიმატზე და გლობალურ ეკოლოგიაზე ზრუნვა არის მხოლოდ დიდი სახელმწიფოების პრეროგატივა და პატარა სახელმწიფოების არანაირი წვლილი არ შეაქვთ. სინამდვილეში ეს არ არის სახელმწიფოების ზრუნვის საგანი, ეს არის საზოგადოების და თვითეული მოქალაქის ზრუნვის საგანიც", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, არსებობს მეორე სტერეოტიპიც, კერძოდ კი ეკოლოგიაზე ზრუნვა იგივე მრეწველობაში იქნება თუ ინდუსტრიაში ძვირი ღირს, თუმცა, მერის შეფასებით, იმ პრობლემებთან შედარებით, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს ეკოლოგიაზე ზრუნვა ბევრად იაფი ჯდება.
"ამიტომ ეს პროცესი უნდა დაიწყოს ბავშვობიდანვე, საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან. სამწუხაროდ ამ თვალსაზრისით საბჭოთა ინერცია ძალიან დიდია და როგორც წესი არ საკუთარ გარემოზე ზრუნვა არ გავინტერესებს", - აღნიშნა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული კვირეული გაიხსნა.
"კლიმატის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, კერძოდ კი ღონისძიებებს ველოსიპედისტების და სკეიდბორდისტების მსვლელობა გახსნა, რომელშიც მოხალისე ახალგაზრდებთან ერთად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოში ევროგაერთიანების წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი პერ ეკლუნდი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღეს მონაწილეობა.
"კლიმატის კვირეულის", რომლის ლოზუნგია - "ვიმგზავროთ გონივრულად, ვიცხოვროთ უკეთესად", "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ორგანიზებით და ევროგაერთიანების მხარდაჭერით ტარდება.