16 ოქტომბერს თელავში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ქება ვაზისა" განახლდება. 23 ოქტომბრამდე ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში შვიდი კონცერტი გაიმართება. "ქება ვაზისა" 80-იან წლებში გამოჩენილმა მუსიკოსმა ელისო ვირსალაძემ დააარსა.
ფესტივალზე შესრულდება კლასიკური, თანამედროვე და ქართული მუსიკა. იგეგმება ახალი ნაწარმოების პრემიერაც. გამოჩენილი მუსიკოსები ქართველ სტუდენტებს მასტერკლასებსაც ჩაუტარებენ.
თელავში მოწვეულები არიან სახელგანთქმული მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან -გერმანიიდან, შვეიცარიიდან, იაპონიიდან, რუსეთიდან.
განახლებული ფესტივალის ორგანიზატორია კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი.