საქართველო საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის, სავარაუდოდ, 1-ლი აგვისტოდან გაიხსნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მორიგი NOTAM-ები გამოსცა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია 31 ივლისის ჩათვლით.
“გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით (31.07.20). აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით.
რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით.
ამასთან გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე”, აღნიშნულია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
NOTAM (Notice to Airmen) არის ტელეკომუნიკაციის საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.
როგორც ცნობილია, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის და საერთაშორისო ტურიზმის გახსნა მთავრობის მიერ, 1-ელი ივლისიდან დაანონსდა. გაწერილი გეგმის თანახმად, ავიამომოსვლის აღდგენა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად.
თუმცა საბოლოოდ საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება უკვე მეოთხედ, 1-ელ აგვისტომდე გადაავადა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ 20 მარტს გადაწყვეტილებები მიიღო და 21 მარტიდან, სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა და დაანონსა იმ მხოლოდ ავიარეისების განხორციელდება რომლებსაც, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, Georgian Airways-ი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით განახორციელებს.