საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის 2019 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა დაიწყო.
ანგარიში 432 გვერდისგან შედგება და მასში თემატურად არის მიმოხილული ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული ძირითადი ასპექტები.
ანგარიშში სახალხო დამცველის მიერ 2019 წლის განმავლობაში შემუშავებული და შესაბამისი უწყებების მიმართ გაცემული 335 რეკომენდაცია არის ასახული.
"2019 წელს სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა 6737 განცხადება, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოყვა. ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 9438 ზარი. სხვადასხვა დაწესებულებებში ჯამში 579 ვიზიტი განხორციელდა. აპარატის თბილისის ოფისში იურიდიული კონსულტაცია გაეწია 2399 ვიზიტორს. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონულმა ოფისებმა 4448 დაინტერესებულ პირს გაუწიეს სატელეფონო და პირადი კონსულტაცია. ჩატარდა 990 თემატური შეხვედრა.
ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად გაიცა 75 რეკომენდაცია/წინადადება. 14-ჯერ მივმართეთ სასამართლო მეგობრის მოსაზრებით ეროვნულ სასამართლოებს; ერთ-ერთ საქმეზე წარვადგინეთ მესამე მხარის ინტერვენცია ევროპული სასამართლოს წინაშე; 5 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. 2019 წელს მოვამზადეთ 15 სპეციალური ანგარიში, გავგზავნეთ სახალხო დამცველის მოსაზრებები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე საქართველოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი რიგი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.