რუსეთის იმპერიული ამბიციები განახლდა, როცა ის 2008 წელს საქართველოს თავს დაესხა. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც თეთრ სახლს კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ესტუმრა.
"მოხარული ვარ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს კარგად ესმის თუ რა ვითარებაა დღეს ევროპაში შექმნილი. რუსეთის იმპერიული ამბიციები ბოლო 10 წლის განმავლობაში განახლდა, როდესაც ის 2008 წელს საქართველოს თავს დაესხა", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ანჯეი დუდამ ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებაზე.
როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლონეთი მზადაა კიდევ უფრო მეტი ამერიკელი სამხედრო მიიღოს თავის ტერიტორიაზე.
"პრეზიდენტ ტრამპს ვთხოვე, არ გაიყვანოს აშშ-ის შეიარაღებული ძალები ევროპიდან, რადგან ევროპის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მზად ვარ, პოლონეთმა მიიღოს მეტი ამერიკული ჯარი ჩვენს ქვეყანაში", - თქვა ანჯეი დუდამ.