"მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა სოციალურ ქსელში პოლიტიკური პარტიების მიერ 8 მარტის შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია.
რურუას თქმით, მისი მძევლად დატოვება მეორეხარისხოვანია ამ ეტაპზე.
"მინდა გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორე ხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც.
ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“, - წერს რურუა.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. სხდომას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი გადაწყვეტილების მიზეზი „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობაა. ოპოზიცია პროცესში ჩართვას იქამდე არ აპირებს, სანამ რურუა არ გათავისუფლდება.