თქვენ პროპორციული არჩევნები, რაზეც იყო სახალხო შეთანხმება, ჩააგდეთ და შესაბამისად, ახლა მცდელობა იმისა, რომ თქვენ წარმოაჩინოთ თავი პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალად არ გამოგივათ, - მიმართა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ, პლენარულ სხდომაზე, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ცვლილებები აუცილებლად გავა, თუმცა ეს ვერ იქნება “ქართული ოცნებისვის“ ნამუსის მოწმენდა.
„ მინდა ხაზი გავუსვა იმას რაც ხდება. 115 დეპუტატია დარეგისტრირებული, მინიმუმ სამი ადამიანი დანამდვილებით ვიცი, ვინც ხმის მიცემას არ აპირებს ამ კანონპროექტისთვის და ამ შემთხვევაში უმრავლესობის მხარეს როგორ არის საქმე რაოდენობაში? იმედია შემოგესწრებიან თუ ვინმეა დაგვიანებული და კანონპროექტი არ დადგება საფრთხის წინაშე. რაც შეეხება მცდელობას, რომ ოპოზიცია გინდათ გაყოთ, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ იქითკენ თუ მიგყავთ საქმე, რომ თქვენ წარმატებად გინდათ გაასაღოთ ეს 116 ხმა, რომელსაც თქვენი სპიკერები ხშირად ამბობენ, რომ არის გარანტირებული, დიდი ბოდიში მაგრამ ეს თქვენი მხრიდან არ არის გარანტირებული, ჩვენგან ნამდვილად ვიცით, რომ არის. ეს ბევრჯერ დავადასტურეთ და ვაგრძელებთ მეორე მოსმენის დროსაც. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავა ეს ცვლილებები, ეს ვერ იქნება თქვენთვის ნამუსის მოწმენდის მცდელობა, რადგან თქვენ პროპორციული არჩევნები, რაზეც იყო სახალხო შეთანხმება, ჩააგდეთ და შესაბამისად, ახლა მცდელობა იმისა, რომ თქვენ წარმოაჩინოთ თავი პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალად არ გამოგივათ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.