გერმანია იტოვებს უფლებას, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ბერლინში ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო. ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.
მერკელის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით მან უკვე იმსჯელა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასთან და ახლა "ჩვენ მოველით სასამართლოს პროცესის შედეგებს".
რუსეთის წინააღმდეგ საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ბერლინი "ორიენტირებულია კონკრეტულ მიხეზებზე, მათ შორის უკრაინის კონფლიქტზე".
შესაძლო სანქციების მეორე მიზეზად კანცლერმა დაასახელა ბუნდესტაგზე კიბერშეტევები, რომელშიც რუს ჰაკერებს ადამაშაულებენ. "ამასთან დაკავშირებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროპის ქვეყნების დონეზე",- დასძინა მერკელმა.
18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წარუდგინა.
ბრალდების წარდგენის დოკუმენტში, რომელიც ფედერალური პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ხაზგასმულია, რომ ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სახელისუფლებო ორგანოების დაკვეთით არის ჩადენილი.
პროკურატურა ხანგოშვილის მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარებაში ბრალს დებს რუსეთის მოქალაქეს, ვინმე ვადიმ კ.-ს, იგივე ვადიმ ს.
გერმანიის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის სახელისუფლებო ორგანოების დაკვეთით ჩადენილი მკვლელობის მოტივი იყო ის, რომ ხანგოშვილი რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს, 2008 წელს კი საქართველოში მეომრები შეკრიბა რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხრეთ ოსეთში.
2019 წლის აგვისტოში, ბერლინში მოკლეს ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც ველოსიპედით მიმავალმა ქილერმა ქუჩაში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
ბერლინის პროკურატურამ დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე.
ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.
ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.
ხანგოშვილის მკვლელობამ ბერლინსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური დაძაბულობა წარმოშვა. იმის გამო, რომ მოსკოვი უარს აცხადებს ბერლინის დახმარებაზე მკვლელობის გამოძების საქმეში, გერმანიის საგარეო უწყებამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.
ბერლინის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო უწყებამ ორი გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.