ევროკავშირის საბჭომ ხუთშაბათს დაამტკიცა გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ დაწესებული "ყირიმის" სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ.
"დღეს საბჭომ გადაწყვიტა დაწესებული სანქციების განახლება რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ, 2021 წლის 23 ივნისამდე", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს კომუნიკეში.
ევროკავშირი კვლავ არ ცნობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას და განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევის დაგმობას.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მას შემდეგ მოქმედებს, რაც მან 2014 წელს უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა.