პლატფორმის ფარგლებში მემორანდუმს "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ მოაწერეს ხელი.
პლატფორმის პრეზენტაციისას ანა დოლიძემ განმარტა, რომ მემორანდუმის მიზანი იმ პოლიტიკური პოლარიზაციის დარღვევაა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არსებობს.
"მემორანდუმი დაფუძნებულია შემდეგ ძირითად პრინციპებზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაფლულია უპერსპექტივობის ჭაობში და ჩვენი თანამოქალაქეები დარჩენილნი არიან ცუდსა და უარესს შორის არჩევანის პირისპირ. საზოგადოების დღის წესრიგი მონოპოლიზებული აქვს ორ ძალას, რომელიც ფსევდო დაპირისპირებით სინამდვილეში ერთმანეთს აძლიერებს, ხოლო ხალხის ყოველდღიური, რეალური პრობლემები და ხალხის გაჭირვება რჩება ამ პოლარიზებული დღის წესრიგის მიღმა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკის არსი და პოლიტიკოსების როლი ხალხის მსახურებაა და არა პრივილეგიების მოხვეჭა, ის, რაც ხდება დღეს. ჩვენ გვაერთიანებს სუფთა წარსული, აქამდეც ვიბრძოდით, ვშრომობდით და კიდევ უფრო თავდაუზოგავად ვიშრომებთ საქართველოს წარმატებისთვის, კეთილდღეობისთვის და ჩვენ ქვეყნის ევროატლანტიკურ ოჯახში გაერთიანებისთვის. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ მსჯელობის და დისკუსიის განსხვავებული პლატფორმა, რომელიც გახდება დღევანდელი პოლარიზებული ატმოსფეროს ახალი, ჯანსაღი ალტერნატივა და რომელიც თავის გარშემო შემოიკრებს მსგავსი ფასეულობების, პატრიოტ, კეთილსინდისიერ და ჩვენს ქვეყანაზე მზრუნველ მოქალაქეებს”, - განაცხადა ანა დოლიძემ.