მოსკოვი საქართველოს მადლობას უხდის ნიგერიიდან სამი რუსი მეზღვაურის გამოყვანისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ეს წარმატებული ჰუმანიტარული გამოცდილება კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგაც მოთხოვნადი იქნება, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
„ქართულ მხარეს მადლობას ვუხდით ნიგერიიდან სპეცრეისით რუსეთის სამი მოქალაქის გამოყვანისთვის. მათ კონტრაქტი ამოეწურათ, ხოლო რუსეთსა და ნიგერიას შორის ავიამიმოსვლა კი შეწყვეტილია. 7 ივნისს ისინი სპეცრეისით ლაგოსიდან თბილისში ჩაფრინდნენ, სადაც მათ შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლები დახვდნენ და ზემო ლარსში საქართველო-რუსეთის საზღვრამდე მიაცილეს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ და აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის რთული პოლიტიკური სიტუაციისა, ჰუმანიტარული თანამშრომლობა მოხერხდა.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როდესაც საერთო უბედურების წინაშე ვდგავართ“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურები საქართველოში ლაგოსიდან სპეცრეისით დაბრუნდნენ.