საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთა წყარო ამ ეტაპზე უცნობია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ეპიდკვლევა და იმედოვნებენ, რომ წყაროს მიაკვლევენ.
მათივე განცხადებით, ხუთივე ინფიცირებული თბილისთან არის დაკავშირებული.
საქართველოში დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანია "უნისონის" თანამშრომელია. არსებული ინფორმაციით, მისი ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს კონტაქტების ძიება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 827 პირს დაუდასტურდა. აქედან 690 გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.