საქართველოში დაპატიმრებული რუსეთის მოქალაქეების ადვოკატები სააპელაციო სარჩელს ამზადებენ. ეს განცხადება დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ გააკეთა.
"ამჟამად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე სააპელაციო სარჩელს ამდებენ. ის რაც რუსეთის მოქალაქეებს დაემართათ, შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ საქართველოს სპეცსამსახურების მიერ რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ უმწვავეს პროვოკაციად, რომლებსაც ადრე კავშირი ჰქონდათ აჭარაში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზასთან. მათთვის გამოტანილი განაჩენი კი საქართველოს სასამართლო სისტემის ანგაჟირებულობის ნათელი მაგალითია, ისინი ხომ მორჩილად ასრულებენ თბილისის მმართველი რეჟიმის შეკვეთებს", _ აცხადებს ნესტერენკო.
მისივე თქმით, რუსეთის სამი მოქალაქის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ აღძრული საქმე "ფალსიფიცირებულია". მისივე თქმით, ყალბი ფულის ერთეული რუსეთის მოქალაქეებს სკრილნიკოვსა და მარჩუკს დაკავებიდან მხოლოდ ორი საათის შემდეგ აღმოჩნდათ და ორივეს შემთხვევაში მოწმეებად საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ.
"ამავე სცენარის მიხედვით ჩატარდა კიდეც სასამართლო პროცესი. დაცვის ნებისმიერი მოსაზრების არიდება იმწამსვე ხდებოდა, მოწმეებად კი საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლები ჩამოდიოდნენ", _ აცხადებს ნესტერენკო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 მაისს ბათუმში ყალბი ფულის დამზადებასა და გავრცელების ბრალდებით რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს - სკრილნიკოვი, მარჩუკი და ვიალოვი. ამჟამად ისინი თბილისის ერთ-ერთ საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებიან.
7 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ისინი ბრალდებულებად აღიარა, შედეგად, მარჩუკსა და ვიალოვს 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სკრილნიკოვს კი როგორც ორგანიზატორს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისთვის ასევე დაწესებულია ჯარიმა 70 ათასი აშშ დოლარის ოდენობით.