სოხუმში მყოფი მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი აფხაზეთს ინვესტიიებისთვის მიმზიდველად მიიჩნევს. ეს განცხადება მოსკოვის მერმა დღეს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფშთან გამართული შეხვედრისას გააკეთა. თავის მხრივ, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა იური ლუჟკოვს წლების განმავლობაში აფხაზეთისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მოსკოვის მერმა ასევე აღნიშნა, რომ "თემები საქმიანი თანამშრომლობისთვის მოსკოვსა და აფხაზეთს ძალიან ბევრი აქვთ". მოსკოვის მერმა აღნიშნული შეხვედრისას ბიჭვინთაში მსხვილი მშენებარე საკურორტო ობიექტის მშენებლობაზედაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პროექტზე მუშაობა "მართალია ძალიან სწრაფად არა, მაგრამ მაინც წინ მიიწევს".
"ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ საინკუბაციო პერიოდი დასრულდა და სამუშაოს დასაწყებად მზად ვართ. ეს მსხვილი ობიექტია. რუსეთის სხვა რეგიონებსაც უნდა დავანახოთ, რომ აფხაზეთი ინვესტიციებისთვის მიმზიდველია ტურიზმისა და სხვა მრავალ სფეროში", _ განაცხადა ლუჟკოვმა. შეხვედრის დანარჩენი ნაწილი მედიის დასწრების გარეშე წარიმართა.