საქართველომ და უკრაინამ სამომავლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.
საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინელი დეპუტატები დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვერა ქობალიას შეხვდნენ.
მინისტრმა სტუმრებს საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და არსებული ლიბერალური ბიზნეს-გარემო გააცნო. მხარეებმა ორ სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. უკრაინულ დელეგაციას უკრაინის უმაღლესი რადის სამრეწველო, მარეგულირებელი პოლიტიკისა და სამეწარმეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნატალია კოროლევსკაია ხელმძღვანელობს.
''უკრაინელების უმეტესობამ იცის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ამიტომ ჩვენთვის ძალიან საინტერესოა დეტალურად გავეცნოთ თქვენთან განხორციელებულ რეფორმებს, ეკონომიკური თავისუფლების აქტზე მიმდინარე მუშაობას, ლიბერალურ საკანონმდებლო გარემოს, მიმზიდველი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობას და სხვა. თქვენი პრაქტიქა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და გვსურს დეტალურად შევისწავლოთ აღნიშნული საკითხები. იმედი მაქვს, მალე ქართულ დელეგაციას ჩვენთანაც სტუმრად ვიხილავთ, რადგან ეკონომიკური ინტეგრაციისაა და ერთობლივი თანამშრომლობის ძალიან დიდ შესაძლებლობებს ვხედავთ' - განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადის სამრეწველო, მარეგულირებელი პოლიტიკისა და სამეწარმეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნატალია კოროლევსკაიამ.
''უკრაინულ მხარესთან ერთად განვიხილეთ ის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც უკვე ჩატარდა და გრძელდება საქართველოში. მათ დეტალურად აინტერესებთ როგორ ჩავატარეთ ეს რეფორმები, რა გეგმები გვაქვს სამომავლოდ, როგორ მუშაობს ჩვენი ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, ზოგადად როგორ ვმუშაობთ ინვესტორებთან, რომლებიც ჩამოდიან და ფულს დებენ ჩვენს ეკონომიკაში. ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ ქართულ-უკრაინლური ფორუმი იმისთვის, რომ უფრო მეტი ინვესტორი მოვიწვიოთ უკრაინიდან და ერთობლივად ვიმუშაოთ დიდ საინვესტიციო პროექტებზე - აღნიშნა ეკონმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ.
უკრაინელი დეპუტატები საქართველოში 13 ოქტომბერს ჩამოვიდნენ, მათ უკვე გამართეს შეხვედრები ქართველ კოლეგებთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.