„პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება“, -განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას.
როგორც მან აღნიშნა, სახელისუფლებო გუნდს დათვლილი აქვს ხმები, რომელიც საკმარისია საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად იმ ორი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გარეშეც.
მისი განცხადებით, შედეგი , რასაც წარმოშობს ეს სისტემა, არის ზუსტად იმის იდენტური, რაც იქნებოდა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემისას.
„ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ, პრაქტიკულად, უკვე გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. აქვს კიდევ ერთი დადებითი მხარე იმ სისტემას, რომელიც არის შემოთავაზებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის - ეს არის დაბალი საარჩევნო ბარიერი, რაც აძლევს პოლიტიკურ პარტიებს იმის საშუალებას, რომ შედარებით მარტივად მიიღონ საპარლამენტო წარმომადგენლობა და საპარლამენტო მანდატები. ეს არის 1%-იანი ბარიერი პოლიტიკური პარტიებისთვის და ეს არის გამრავლებული საარჩევნო ბარიერი საარჩევნო ბლოკებისთვის. რამდენი პარტიაც იქნება ბლოკში წარმოდგენილი, იმდენპროცენტიანი ბარიერი არის მისთვის დადგენილი“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი განმარტებით, ნებისმიერ საარჩევნო სისტემას ორი მიზანი აქვს: ერთი - უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური სისტემის სტაბილური განვითარება, მეორე - უნდა უზრუნველყოს პლურალიზმის მაღალი ხარისხი პოლიტიკურ სისტემაში და საპარლამენტო სპექტრში.
„ამ შემთხვევაში, ეს ორივე მიზანი არის სათანადოდ მიღწეული. ერთი- სტაბილურობა სათანადო დოზით იქნება უზრუნველყოფილი ამ საარჩევნო სისტემის საფუძველზე და მეორე - პლურალიზმის ძალიან მაღალი ხარისხი გვექნება. სავარაუდოდ, 6-7 პოლიტიკური პარტია მაინც გადალახავს იმ საარჩევნო ბარიერს, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით არის დადგენილი. შესაბამისად, ყველა ის ზოგადი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული საარჩევნო სისტემის შემუშავებისას, არის ამ შემთხვევაში დაცული და ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ ამ სისტემამ უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა პარლამენტის წევრს, მხარი დაუჭირონ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.