15 ივნისიდან დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის ტრანსპორტის საკითხთა მდივანმა, გრანტ შეიპსმა განაცხადა.
"შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ 15 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. პირბადის გარეშე დაჯარიმდებით, ან უარი უნდა თქვათ მგზავრობაზე", - თქვა მდივანმა, რომელსაც ჯარიმის ოდენობა არ დაუკონკრეტებია.
ტრანსპორტის მდივნის განცხადებით, სამედიცინო პირბადის გარდა, ნებადართული იქნება სახლში დამზადებული ნაჭრის პირბადეების ტარებაც.
ამჟამად ბრიტანეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება რეკომენდებულია, მაგრამ არა სავალდებულო.
დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანაა, რომელიც პირბადის ტარების რეკომენდაციას სავალდებულოს გახდის. ბოლო დრომდე, მთავრობა ირწმუნებოდა, რომ მას არ გააჩნდა პირბადის ტარების სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, როგორც კორონავირუსული ინფექციისგან დაცვის ზომა.