ამერიკის ხელისუფლებამ "medicare"-ის სისტემის ისტორიაში უმსხვილესი თაღლითური სქემა გაშიფრა. "medicare"-ი მოხუცებულთა სამედიცინო დახმარების ფედერალური პროგრამაა.
მანჰეტენზე არსებული სამხრეთ ოლქის ფედერალურმა პროკურატურამ დამნაშავეობრივი ჯგუფის 44 წევრს, რომლებიც წარმოშობით ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ძირითადად ეროვნებით სომხები არიან, ბრალი წაუყენა 108 ფიქტიური სამედიცინო კლინიკის ქსელის ორგანიზებაში, რომელიც აშშ-ს 25 შტატში მოქმედებდა და წარადგენდა არარსებული სამედიცინო დახმარების საგადასახადო ფიქტიურ ანგარიშებს. განცხადებას ამის შესახებ ფედერალური პროკურორი პრიტ ბხარარი ავრცელებს.
წამოყენებული ბრალის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე მასშტაბით დაკავებულია 41 ეჭვმიტანილი. დანარჩენებზე ძებნაა გამოცხადებული.
პროკურორის განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაცია სომხური წარმოშობის ამერიკელებისაგან შედგებოდა და მას "მირზოიან-ტერჯანიანის ორგანიზაცია" ეწოდებოდა. დასახელება დამნაშავეობრივი ჯგუფის მეთაურების გვარებიდანაა შედგენილი _ დავით მირზოიანისა და რობერტ ტერჯანიანის.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდა იმისა, რომ ქსელი აშშ-ში მოქმედებდა მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა სომხეთთან. მისი მეთაურები კი ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში ცხოვრობდნენ.
გარდა სომეხი ეროვნების მოქალაქეებისა დამნაშავეობრივ ჯგუფში ასევე შედიოდნენ რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები. დამნაშავეობრივ ჯგუფს თაღლითური გზით მითვისებული აქვს 163 მილიონი დოლარი.