დღეს, იტალიის ხელისუფლებამ გახსნა საზღვრები საერთაშორისო მოგზაურებისთვის. მოიხსნა ყველა სახის შეზღუდვა ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე.
ევროპელი ტურისტები, ევროპის უმეტესი ქვეყნიდან, დღეიდან შეძლებენ იტალიაში გამგზავრებას, სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე. საერთაშორისო რეისების მიღება უკვე დაიწყო მირალნის, ნეაპოლისა და რომის საერთაშორისო აეროპორტებმა.
პანდემიის გამო განსაკუთრებული წნეხის ქვეშ აღმოჩნდა ტურისტული ინდუსტრია, იტალიის ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი სექტორი.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ შეზღუდვების შემსუბუქება და საზღვრების გახსნა "გათვლილი რისკია".
ბარები, რესტორნები, მუზეუმები იტალიაში გასულ თვეს გახსნეს. ვარაუდობენ, რომ ივნისში გაიხსნება კინოთეატრები და თეატრები.
იტალია პირველი ქვეყანა იყო ევროპაში, რომელსაც კორონავირუსის პანდემიამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 230 00-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიას 33 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.