ორი წლის შემდეგ, საქართველოს უკრაინაზე ორჯერ მდიდარი იქნება.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გაზეთ "ბულვარ გორდონასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ყველაფერი საუკეთესო უკრაინიდან გადმომქონდა. როდესაც 90-იან წლებში - უკვე არა როგორც სტუდენტი, არამედ, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, ჩამოვდიოდი ჩემს თითქმის მშობლიურ უკრაინაში, ის მე შთამაგონებდა ხოლმე. რა თვალსაზრისით? თქვენთან ყველაფერი განადგურებული არ იყო, გარკვეული ადათ-წესები, დისციპლინა შენარჩუნებული გქონდათ. ქვეყანაში სიცოცხლე იგრძნობოდა - ქუჩებში შუქნიშნები მუშაობდა, სახლები თბებოდა, კომუნალური სამსახურები ფუნქციონირებდა, ხალხი საღამოობით ქუჩებსა და პარკებში ძაღლებს ასეირნებდა, შაბათ-კვირას კი, აგარაკებზე მიდიოდნენ... თითქოს, უბრალო რამ არის, მაგრამ საქართველოში მსგავსი არაფერი არ იყო: ჩვენთან ისროდნენ, ქვეყანას ბარბაროსულად ანადგურებდნენ და ძარცვავდნენ - ერთი სიტყვით, ელვის სისწრაფით მიექანებოდა ქვესკნელში", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც პირველად პრეზიდენტად იყარა კენჭი, საქართველო ორჯერ უფრო ღარიბი ქვეყანა იყო (ერთ სულ მოსახლეზე), ვიდრე უკრაინა.
"ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც მორიგი ღონისძიებისთვის ვემზადებოდი, ვიფიქრე: "ალბათ, უკრაინაზეც მკითხავენ, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ პროგრესს განვიცდით, ვეწევით მას მაჩვენებლებში". დავრეკე შესაბამის სამსახურებში და მოვითხოვე: "მომიტანეთ ციფრები, რომლებიც გვიჩვენებს, როგორ ვეწევით უკრაინის შემოსავლებს ერთ სულ მოსახლეზე", მე კი მიპასუხეს: "პრინციპში, ჩვენ 30 პროცენტით ვუსწრებთ მას". მაშინ მე არ დავიჯერე... "წარმოუდგენელია! - წამოვიძახე. - დარეკეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში და, სანამ ჩამოვფრინდები, ზუსტი მონაცემები შემატყობინეთ. თუმცა იქვე დამიდასტურეს: "შეცდომა გამორიცხულია - უფრო მეტიც, ორი წლის შემდეგ, უკრაინაზე ორჯერ მდიდარი ვიქნებით ("მდიდარი", რა თქმა უნდა, გადაჭარბებული ნათქვამია, უბრალოდ, უფრო მეტი შემოსავალი გვექნება ერთ სულ მოსახლეზე)", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინას განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე საქართველოს, ან ესტონეთს.