საქართველო ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელშიც საბჭოთა კავშირი მოკვდა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გაზეთ "ბულვარ გორდონასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე - სურს დღეს ვინმეს საქართველოში, რომ უკან, საბჭოთა კავშირში დაბრუნდეს? პრეზიდენტმა სააკაშვილმა უპასუხა, რომ საქართველო დღეს, ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომლისთვისაც საბჭოთა კავშირი დასრულდა. ჩვენთან ის მოკვდა, გარდაიცვალა.
"თუნდაც ბალტიის ქვეყნებს შევადაროთ - იგივე ესტონეთში, საიდანაც სტალინის ნებით კომპარტიის პირველი მდივანი ხალხს აციმბირებდა, იგივე ლატვიასა და ლიტვაში, უფრო მეტი ხალხი ლაპარაკობს რუსულად, ვიდრე სხვა ენებზე, თუმცა რუსულის საწინააღმდეგო პირადად მე არაფერი მაქვს. ეს აზროვნების ვექტორზე მიუთითებს. მათი ბევრი ჩინოვნიკი ძველ სისტემაში მუშაობდა, ჩვენთან კი მსგავსი არაფერი ხდება - მთლიანად ახალი თაობა მოვიდა და უნდა გვესმოდეს, რატომ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის შეფასებით, საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ბევრად უფრო დიდი იყო კორუფციის მასშტაბები, ვიდრე, უკრაინაში - თბილისის ბაზარში ყველაფერი იყო, სახელმწიფო ვაჭრობაში - თითქმის, არაფერი.
"უკრაინაში სახლებს აშენებდნენ. საქართველოშიც ცდილობდნენ იგივეს, მაგრამ ნანგრევები გამოდიოდა. სამაგიეროდ ამ ნანგრევების გარშემო, წვიმის შემდეგ ამოსული სოკოებივით მრავლდებოდა კერძო სახლები - იმავე ფულის ხარჯზე. ჩვენთან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უარესი მდგომარეობა იყო, უფრო მეტიც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაფერი ჩამოინგრა, რადგან ჩვენ ქვების მიმოფანტვის სპეციალისტები ვიყავით. ამიტომ მათი სწრაფად აგროვება მოგვიწია", - აღნიშნა სააკაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოში ყვაოდა ფარული ეკონომიკა, "ცეხავიკები", "პრიპისკები", რის გამოც ყველაფერი ნულიდან იყო დასაწყები.