საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამედიცინო მომსახურების მისაღებად სამკურნალო ვიზები დასჭირდებათ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავა ავრცელებს.
"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
თურქეთში სამედიცინო მომსახურების მისაღებად მოქალაქეებს ასევე ესაჭიროებათ საქართველოში თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში აღებული მიზნობრივი სამკურნალო ვიზები.
თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩამოსვლის მსურველმა საქართველოს მოქალაქემ, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -“USHAŞ” მიერ გაცემული ნებართვის შემდეგ, უნდა მიმართოს თბილისში ან ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის საკონსულო სამსახურს მიზნობრივი ვიზის მისაღებად", - წერს გიორგი ჯანჯღავა.