ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე მძლავრი საპროტესტო აქციების გამო, შეერთებული შტატების დედაქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვაშინგტონის მერმა, მიურელ ბოუზერმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" გაავრცელა.
მერის ინფორმაციით, დედაქალაქში კომენდანტის საათი 23:00 საათზე დაიწყება და დილის 06:00 საათამდე გასტანს. ქალაქში სიმშვიდის შენარჩუნებაში ადგილობრივ ხელისუფლებას ეროვნული გვარდია დაეხმარება.
დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების ეპიცენტრი თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაა.
შაბათს, 30 მაისს, პროტესტის გამო, თეთრი სახლი დროებით დაიხურა. მოგვიანებით, საპრეზიდენტო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ქუჩები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის რამდენიმე შეტაკებასაც ჰქონდა ადგილი.
მეექვსე დღეა არ წყდება ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები ვაშინგტონსა და შეერთებული შტატების 40მ-დე ქალაქში.
ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები ქალაქ მინეაპოლისში, პოლიციელების მიერ დაკავებული 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.
დაკავების კადრებში, ჩანს, რომ მიწაზე დაგდებულ ჯორჯ ფლოიდს პოლიციელი კისერზე მუხლს აჭერს, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული შველას ითხოვს და ამბობს, რომ სუნთქვა უჭირს. მოგვიანებით ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"ამერიკის ხმის" ცნობით, შოვინის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივრის თანახმად, ის ფლოიდს კისრის არეში მუხლით 8 წუთი და 42 წამი აწვებოდა.
30 მაისს აღნიშნულ საქმეზე დააკავეს პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელსაც წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის ბრალდება წარუდგინეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ პოლიციელს უფრო მძიმე მუხლი წაუყენონ, ასევე პასუხი აგონ პოლიციის სხვა ოფიცრებმაც, რომლებიც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ.