თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 8 ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება. ხოლო სამი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან.
"11 ახალი ინფიცირებულიდან 8 არის ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან, ხოლო 3 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან. ახალი წყარო ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს. ჩვენს ცენტრში 54 პაციენტი მკურნალობს, გუშინ მივიღეთ 6 ახალი ინფიცირებული. გვყავს სამი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ დღეს ველოდებით რადიოლოგიურ მონაცემებს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, უმეტესობა საშუალო სიმძიმისაა. ახალი ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმით ფასდება, მათთან პნევმონიის დადასტურება ნაკლებად სავარაუდოა", - განაცხადა ეზუგბაიამ.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 794 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 624 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 12.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 301.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.