1 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა და ღია სივრცის მქონე რესტორნები.
8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, გაიხსნება სასტუმროები რომლებსაც გავლილი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება და გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.
ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლითაც საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა, ღია და დახურული ტიპის რესტორნებმა და კაფეებმა უნდა იხელმძღვანელონ.
ღია სივრცის მქონე რესტრონების მუშაობა პირველი ივნისიდან განახლდება.
ძირითადი რეკომენდაციები:
• ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით (წინასწარი ჩაწერით მომსახურება), ხოლო იმ შემთხვევაში თუ:
• მომსახურების იღებს ადგილზე მიტანის სერვისის წარმომადგენელი (იურიდიული პირის წარმომადგენელი), მოცდის პროცესი უნდა განხორციელდეს შენობის გარეთ, შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით;
• იმ შემთხვევაში თუ მომსახურებას იღებს ფიზიკური პირი, ნებადართულია მოცდის პროცესის განხორციელება დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენებით და სოციალური დისტანციის შესაბამისი ნორმების დაცვით.
• წინასწარ განსაზღვრეთ სტუმართათვის ადგილი, (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით); მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
• უზრუნველყავით დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური ვიდეოსკრინინგი ან თერმოსკრინინგი;
• აკონტროლეთ დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა;
• განათავსეთ დეზობარიერი შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით; სალაროსთან დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი - მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით;
• სამუშაო ადგილზე უზრუნველყავით ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარის განთავსება;
• უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას.
მოთხოვნები ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:
ტერასა/ვერანდა - გადახურული/ნახევრად გადახურული ან გადახურვის გარეშე სივრცე, რომლის არანაკლებ 1 მხარე უკავშირდება ღია სივრცეს და სადაც მოხვედრა შესაძლებელია მათ შორის კვების ობიექტის შიდა სივრცის გავლით.
ღია რესტორანი - გადახურული / ნახევრად გადახურული ან გადახურვის გარეშე სივრცე, რომლის არანაკლებ 1 მხარე უკავშირდება ღია სივრცეს და სადაც მოხვედრა შესაძლებელია დამოუკიდებელი შესასვლელით.
• მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
• სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა;
• 1 მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;
• დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
• იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
• სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
• უზრუნველყავით შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა.