2020 წლის 29 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქვემო ქართლის გუბერნიის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მოსახლეობის გაფართოებული PCR ტესტირება ჩაატარეს.
მოსახლეობის მასობრივი ტესტირების პროცესს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.
სოფელი მუშევანი წარმოადგენს ყველაზე ცხელ წერტილს ქვეყანაში, სადაც COVID-19-ის 55 შემთხვევაა დადასტურებული. ის 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა.
მუშევანში მთელი დღის განმავლობაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (რვა ჯგუფი) და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის (ერთი ჯგუფი) თანამშრომლებმა სხვადასხვა წერტილებში მოქალაქეებს ბიოლოგიური ნიმუშები აუღეს. 574 საკვლევი მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, რომელთა შედეგები დღეს გახდება ცნობილი.