რუსი ექსპერტების მოთხოვნას ლუგარის ლაბორატორიის დათვალიერებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, გენადი ონიშენკომ ძალიან კარგად იცის რას საქმიანობს ლუგარის ლაბორატორია, შესაბამისად თუ მათ მისი დათვალიერების სურვილი აქვთ, შეუძლიათ საერთაშორისო მისიებთან ერთად ჩამოვიდნენ და დაათვალიერონ.
„30 წელია, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი, ეს ჩვენ რუსმა კოლეგებმა როგორმე უნდა გაითავისონ და შეეგუონ ამას. გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როდესაც მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი, ონიშენკო იყო რუსეთის მინისტრის პირველი მოადგილე. ძალიან კარგად ვიცი, რომ გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას? გეუბნებიან, გავალებენ, რომ ეს თქვიო. სამჯერ პირდაპირ დაგპატიჟეთ ბატონო გენადი, ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი რითიც ვართ დაკავებული ამ ლუგარის ცენტრში. მოეშვით ამ „ველიკაძერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის დეტალურ დათვალიერებას მოითხოვს. მათი განცხადებით, ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ საფუძველზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე. რუსეთი ასევე ამ ლაბორატორიის ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომასაც ითხოვს.