დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" "საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის" თბილისის ფილიალის პრეზენტაცია გაიმართა. კონგრესის წარმომადგენლები მთავარ მიზნად საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოდ გარდაქმისათვის საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის გაერთიანებას ასახელებენ, მთავარ ამოცანად კი _ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
პრეზენტაციაზე სანკტ-პეტერბურგიდან ჩაერთო ალექსანდრე ებრალიძე. მისი განცხადებით, ის საქართველოში უახლოეს მომავალში გეგმავს ჩამოსვლას.
"საქართველოსათვის ძალიან ბევრი კარგი საქმე მაქვს გაკეთებული. ჩემს კოლეგებთან ერთად გავხსენი საქართველოში ფილიალი. ვიწყებთ ჩვენი გეგმების განხორციელებას და პატარ-პატარა ნაბიჯებით 2013 წლამდე ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ ქართველი ხალხისათვის", _ აცხადებს ებრალიძე.
რაც შეეხება ოპოზიციასთან თანამშრომლობას, ებრალიძის განცხადებით, მას ქართულ ოპოზიციურ სპექტრთან ამ ეტაპზე თანამშრომლობა არ აქვს.
საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი" ავსტრიაში 2009 წლის 6 თებერვალს შეიქმნა. მისი შტაბ-ბინა ვენაში მდებარეობს, ფილიალი _ სანკტ-პეტერბურგში, ამიერიდან კი თბილისშიც იმოქმედებს. კონგრესის პრეზიდენტი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძეა. იგი ბათუმში დაიბადა, ამჟამად კი სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს. ებრალიძე ღია სააქციო საზოგადოება "ტალიონის" გენერალური დირექტორი და კომერციულ ბანკ "კონსტანს-ბანკის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.