1-ლი ივნისიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, 8 ივნისიდან, შემდეგი ორშაბათიდან, გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, რაც ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, იმუშაონ.
"8 ივნისიდან, აგრეთვე, გაიხსნება სასტუმროები, თუმცა მხოლოდ ის სასტუმროები, რომელთაც კონკრეტულად გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილებები მიღებულია მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა აუცილებელია ელემენტარული წესების და რეკომენდაციების დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადების გავრცელების რისკი.
„ეს ნაბიჯები, პირველ რიგში, მიღებულია ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი პირობა, ამ ნაბიჯის შემდგომ შევინარჩუნოთ ეპიდემიის გავრცელების ის ტემპი, რომელიც გვაქვს დღეს, არის პირბადეების ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილზე. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ატაროს პირბადე. ამ გადაწყვეტილებებს უფრო დეტალურად ნორმებით, კონკრეტული ვალდებულებებით დღესვე, უახლოეს პერიოდში გამცნობთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას გვაძლევს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია ტესტირების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშრებით. ოქროს სტანდარტის PCR ტესტებზეა საუბარი. დღეს ჩვენ უკვე თვალნათლივ ვხედავთ უახლოეს თვეებში და მეორე ტალღის მოლოდინში შემოდგომამდე, როგორ იმუშავებს ლაბორატორიათა მთელი ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების კონტროლს. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ნაბიჯები მიღებულია იმ საუკეთესო და აუცილებელი ინტერესის გათვალისწინებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორიც გახლავთ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის გახსნა, ხოლო 1-ლი ივლისიდან გარე ტურიზმის გახსნა. ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენისთვის, მაგრამ აქ სრულად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა არის საერთო - მთავრობა, ბიზნესი, ჩვენი მოქალაქეები და როგორც აქამდე, ჩვენ ერთობლივად, მოქალაქეობრივი შეგრძნების უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ვირუსთან ორივე ფრონტზე - როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ეკონომიკური განვითარების,“- აღნიშნა პრემიერმა.