მდგომარეობა, რომელშიც უკვე, როგორც მმართველი ელიტა ვეღარ არსებობს, ვეღარც აყალიბებს თავის პოზიციას, უნდა დასრულდეს, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში".
მისი თქმით, პოლიტიკოსები რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მის წინა პოლიტიკურ წარსულზე და არა მომავალზე ლაპარაკობენ, იდეები არ გააჩნიათ და არ უნდა იყვნენ სათავეში.
"მდგომარეობა, რომელშიც უკვე, როგორც მმართველი ელიტა ვეღარ არსებობს, ვეღარც აყალიბებს თავის პოზიციას, უნდა დასრულდეს. ყველა მათი ნათქვამი არის თავის მართლება, ყველა მათი განცხადება არის აგრესია. ყველა მათი განცხადება არის ტყუილის შემცველი, ასე იყო 2003 წელს, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ შევარდნაძის ელიტა ვერავითარ კონტექსტში ვერ იმართლებდა თავს და ნათელი იყო, რომ საზოგადოებისთვის რაღაც ახალი უნდა მოსულიყო. ასე იყო 2012 წელსაც. მე მირჩევნია, რომ 2003 და 2012 წლისგან განსხვავებულად მოხდეს ეს ყველაფერი. ვგულისხმობ წასულებთან დამოკიდებულებას, საერთოდ საკუთარი ისტორიის მიმართ დამოკიდებულებას, მშენებლობის მიმართ დამოკიდებულებას პირველ რიგში. ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც ძალიან ბევრი მისცა საქართველოს, არავითარი მისი ღირსების აღიარება არ ხდებოდა სააკაშვილის დროს. მერე ქართული ოცნების მხრიდან ამ სისხლიან 9 წელიწადზე იყო საუბარი. როდესაც პოლიტიკოსს სცალია იმისთვის, რომ იყოს არა შემქმნელი, არამედ ისტორიის ანალიტიკოსი და მუდმივად გელაპარაკება წარსულზე და არ გიყვება არაფერს მომავალზე, როდესაც ამისთვის სცალია ესე იგი მას იდეები არ გააჩნია და არ უნდა იყოს სათავეში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.