ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ რაიანი აცხადებს, რომ შესაძლოა, მსოფლიო კორონავირუსის მეორე პიკის წინაშე აღმოჩნდეს.
დღეს, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ "მსოფლიო პანდემიის პირველი ტალღის შუა ფაზაშია".
"ჩვენ კვლავ იმ ფაზაში ვართ, როდესაც დაავადება რეალურად აქტიურად მიმდინარეობს", - დასძინა რაიანმა.
მაიკ რაიანის თქმით, მნიშნველოვანია მოხდეს იმის გაცნობიერება, რომ "ნებისმიერ დროს, შესაძლოა დაავადების გავრცელება მკვეთრად გაიზარდოს".
"მხოლოდ იმის გამო, რომ დაავადება ახლა დაღმასვლას განიცდის, არ ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე თვეში მეორე ტალღა არ წარმოიქმნება", - თქვა რაიანმა.
როგორც მაიკ რაიანი აცხადებს, პანდემიის მეორე პიკი ან მეორე ტალღა შესაძლოა სეზონური გრიპების პერიოდს დაემთხვეს, რაც ერთიორად გაართულებს დაავადების მიმდინარეობის კონტროლს.