8 ივნისიდან, დიდ ბრიტანეთში ჩასულ საერთაშორისო მოგზაურებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა განაცხადა.
პირები, რომლებიც დაარღვევენ მთავრობის მიერ დაწესებულ ამ მოთხოვნას 1 000 ფუნტით დაჯარიმდებიან, რაც დაახლოებით 1 218 დოლარია.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გამონაკლისი დაშვებული იქნება რამდენიმე კატეგორიის ადამიანებისთვის, მათ შორის სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც ბრიტანეთში კორონავირუსთან საბრძოლველად ჩამოვლენ, საგზაო ტვირთის გადამზიდავებისთვის, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებისა და ირლანდიიდან ჩამოსულებისთვის.
პრიტი პატელის განცხადებით, აღნიშნული რეგულაციების დაწესების მიზანი, კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების გავრცელების თავიდან აცილებაა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 255 544 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 36 475 ადამიანი.