საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი რჩება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ.
მოიხსნა შემდეგი შეზღუდვები:
• ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა, გარდა ტაქსით გადაადგილებისა.
• გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათი.
• დაშვებული გახდა ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:
• რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურებისა;
• ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობისა (დასაშვებია „ონლაინ“);
• სავაჭრო ცენტრებისა (ე. წ. მოლები) და ბაზრობების ფუნქციონირებისა (გარდა ღია ტიპის აგრარული ბაზრობებისა);
• სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარებისა;
• სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობებისა;
• ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობისა.
• დასაშვები გახდა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონით გათვალისწინებული შეკრება და მანიფესტაცია.
• დასაშვები გახდა უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად (ფიზიკურად), ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.
• გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის გახდა სარეკომენდაციო ხასიათის.
• მოიხსნა სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა.
შეზღუდვები, რომლებიც კვლავ ძალაშია:
• შეზღუდული რჩება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა (ჩარტერული რეისები ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით).
• შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა.
• შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით.
• ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან.
• ძალაში რჩება სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების ვალდებულება.
• სკოლებმა და უნივერსიტეტებმა სასწავლო პროცესი უნდა განაგრძონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.
• ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით.
• კულტურული ღონისძიების ჩატარება დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით.
• შეზღუდული რჩება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.
• იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).
• დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე.
• შეზღუდული დარჩა შემდეგი ეკონომიკური საქმიანობები:
• რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
• ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა (დასაშვებია „ონლაინ“);
• სავაჭრო ცენტრები (ე. წ. მოლები) და ბაზრობები (გარდა ღია აგრარული ბაზრობებისა);
• სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება;
• სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობები;
• ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა.
• ეკონომიკური საქმიანობები, გარდა გამონაკლისებისა, უნდა განხორციელდეს დისტანციურად, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან, თუმცა ოფისში არაუმეტეს 10 პირის დაშვებით.
• სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.
• ყველა ეკონომიკური საქმიანობა უნდა განხორციელდეს, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.
• საკარანტინო ზონებად რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, ასევე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.