"კრიმინალს და ტერორისტს სავიზო რეჟიმი არ აკავებს და როგორც მახსოვს რუსებს ვიზა არ აუღიათ ტანკებით, რომ შემოვიდნენ", - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ჩრდილო კავკასიელებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეფასებისას განაცხადა.
"ეს არის აბსოლუტურად სწორი და დროული ნაბიჯი, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხანი იგნორირებული გვყავდა ჩვენი უშუალო მეზობლები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო მარტო რუსეთს არ ესაზღვრება და ჩვენი მეზობლები არიან ჩეჩნები, ინგუშები, დაღესტნელები და მათთან ურთიერთობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ ამ ხალხს საქართველოში გადაადგილების საშუალება ჰქონდეს, რომ მათ ზედმეტი პროცედურების გავლა არ სჭირდებოდეთ", - აღნიშნა იაკობაშვილმა.
მისივე შეფასებით, კრიმინალებს და ტერორისტებს სავიზო რეჟიმი არ აკავებს
თუ მათ ცუდი საქციელის ჩადენა უნდათ.
"ამისთვის არ სჭირდებათ ვიზის აღება, მე როგორც მახსოვს რუსებს ვიზა არ აუღიათ ტანკებით რომ შემოვიდნენ. ადამიანი, როდესაც გადმოდის მისი შემოშვება არ შემოშვების საკითხი მაინც მესაზღვრის პრეროგატივა ანუ თუ ეს ადამიანი არის რამე სახის შავ სიაში ან კრიმინალურ საქმიანობაში შემჩნეულია რა თქმა უნდა მას არ შემოუშვებენ", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ლაპარაკი, რომ თითქოს საქართველო ტერორისტულ დერეფანს აკეთებს უსაფუძვლოა, რადგანაც საუბარია რუსეთიდან გადმომსველ ადამიანებზე და არა ქართული მხრიდან შემავალზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომელიც ჩრდილო კავკასიელებს საშუალებას აძლევს საქართველოში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ დარჩნენ.