ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 33 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"პრემიერ-მინისტრს შემოსავლების სამსახურმა წარუდგინა ინფორმაცია იმ დაქირავებით დასაქმებულ პირებზე, რომლებიც ოფიციალურად მუშაობდნენ, თუმცა კრიზისის პერიოდში დაკარგეს სამსახური და რომლებსაც სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში, ჯამში 1 200 ლარის ოდენობით, დაეხმარება. მათ შესაბამისი კომპენსაცია მაისის ბოლოდან ეტაპობრივად ჩაერიცხებათ.
რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ამ ეტაპზე თვითდასაქმებულთათვის განკუთვნილ სპეციალურ ბაზაში 33 ათასზე მეტი პირი დარეგისტრირდა, რომლებზეც კომპენსაციის გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დაიწყება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულებმა ელექტრონული განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.