საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი მიიყვანეს, რომელსაც კორონავირუსი განმეორებით დაუდასტურდა. ის კორონავირუსზე საავადმყოფოში ორი კვირის წინაც მკურნალობდა.
როგორც ცნობილი გახდა, მას მკურნალობის შემდეგ განმეორებითი ანალიზი სასუნთქი გზებიდან აუღეს და ვირუსი აღარ აღმოაჩნდა, რის შემდეგაც გაწერეს და ორკვირიან თვითიზოლაციაში გაუშვეს.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, საიზოლაციო პერიოდში პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა, გადაიყვანეს კლინიკაში და ვირუსი განმეორებით აღმოაჩნდა. მას ამ პერიოდში კონტაქტი არავისთან ქონია. ის ახლა საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობს.
ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.