შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსისადმი მიწერილ ვრცელ წერილში, ორგანიზაციას დაფინანსების საბოლოოდ შეწყვეტით ემუქრება, თუ მომავალი 30 დღის განმავლობაში საქმიანობაში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას არ მიაღწევს.
დონალდ ტრამპმა ღებრეიესუსის მისამართით წერილი მიკრობლოგ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.
"ნათელია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ გადადგმული თქვენი შეცდომებით აღსავსე ნაბიჯები მსოფლიოს ძალიან ძვირი დაუჯდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წინსვლის ერთადერთი გზაა, რომ ნათლად დაანახოს სამყაროს, შეუძლია თუ არა იყოს სრულიად დამოუკიდებელი ჩინეთისგან", - წერს ტრამპი წერილში.
"ჩემმა ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო თქვენთან ერთად მსჯელობა, თუ როგორ უნდა მოხდეს ორგანიზაციის რეფორმირება. მაგრამ საჭიროა სწრაფად მოქმედება. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო", - დასძენს პრეზიდენტი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის მკაცრ წერილში ხაზგასმულია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია "მუდმივად უგულვებელყოფდა სარწმუნო ცნობებს, რომ კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში, ან უფრო ადრე გავრცელდა".
დონალდ ტრამპმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება გასულ თვეში შეუჩერა.
14 აპრილს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ზედმეტად ენდობოდა ჩინეთის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რამაც ეპიდემიის მასშტაბების გაზრდას შეუწყო ხელი.
ტრამპმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ჩინეთის მიმართ მიკერძოებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამისთვის პასუხი უნდა აგონ.
პრეზიდენტმა დაავალა თავის ადმინისტრაციას დაფინანსება მანამდე შეაჩეროს, ვიდრე დეტალურად არ შეისწავლიან, თუ რა რეაგირება ჰქონდა ორგანიზაციას კორონავირუსის გავრცელების საპასუხოდ.
როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, შეერთებული შტატები ყოველწლიურად 500 მილიონამდე შენატანს ახორციელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში, მაშინ როდესაც ჩინეთი მხოლოდ 40-50 მლნ დოლარს იხდის.
"ამერიკელი გადასახადების გადამხდელები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში წელიწადში 400-500 მილიონს იხდიდნენ. შედარებისთვის, ჩინეთი სულ 40 მილიონს იხდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეძლო, მიეღო შეემოწმებინა და გაეზიარებინა მსოფლიოსთვის ინფორმაცია და ჩინეთში ვირუსის შემთხვევების სანდო გამოიძიება ვერ ჩაატარეს. მათ უბრალოდ გაიმეორეს იდეა, რომ ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულებები არსებობდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და პასუხი უნდა აგოს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის გადაწყვეტილებას დაფინანსების შეჩერების შესახებ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახლა არ არის დრო ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციისთვის რესურსების შემცირებისა.
"საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და სოლიდარული იყოს, რათა ერთად შევაჩეროთ ეს ვირუსი", - თქვა გუტერეშემა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური დაწესებულებაა. საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1948 წელს. მასში გაერთიანებულია 194 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო. შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
ორგანიზაციის ბიუჯეტი შედგება წევრი ქვეყნების საწევრო გადასახედებისა და ნებაყოფლობითი შენატანებისგან.
შეერთებული შტატები ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია, რომელმაც 2018-2019 წლებში 400 მლნ დოლარი შეიტანა ორგანიზაციის ბიუჯეტში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უმსხვილესი დამფინანსებლები არიან ასევე ბილ და მელინდა გეიტსები, რომლებიც ორგანიზაციის ბიუჯეტის 10%-ს ავსებენ.