ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეა კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინფორმატში ჩატარდება და გამომსვლელები აუდიტორიას ვიდეოზარის საშუალებით მიმართავენ.
ასამბლეა ორ დღეს გასტანს.
სი ძინპინის სიტყვით გამოსვლის ფონია, ჩინეთის მისამართით მზარდი კრიტიკა კორონავირუსის წარმოშობისა და მისი გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო.
ჩინეთის კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის დამალვაში ღიად დებს ბრალს ამერიკის შეერთებული შტატები.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 122 ქვეყანა ითხოვს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ვირუსის წარმოშობის შესახებ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია გამოძიების დაწყება.