ევროკავშირი და ავსტრალია კორონავირუსის წარმოშობის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ამ დროისთვის 122 ქვეყანა უჭერს მხარს წინადადებას დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების შესახებ, მათ შორის რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, დიდ ბრიტანეთი, ინდონეზია, იაპონია, სამხრეთ კორეა და თურქეთი.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მერის პეინმა თქვა, რომ ამ ინიციატივის მომხრეებს სურთ "დაეხმარონ მსოფლიოს, რათა დააგროვონ გამოცდილება მომავალში ჯანდაცვის სისტემის დასაცავად".
ევროკავშირის საბჭოს საგარეო ურთიერთობების სპიკერმა ვირჯინია ჰენრიქსონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი აპირებს კონსენსუსის მიღწევას: "ჩვენ გვჭირდება ყველა მთავარი მოთამაშის მხარდაჭერა, ხოლო ჩინეთი ერთ-ერთი მათგანია".
გამოძიების დაწყების ინიციატივამ განარისხა ჩინეთის ხელისუფლება, რომელმაც მკაცრად დაგმო ეს წამოწყება და ავსტრალიას ჩინეთზე პოლიტიკურ თავდასხმაში დასდო ბრალი. აღსანიშნავია, რომ გამოძიების წამოწყების წინადადებაში არსად არის ნახსენები ჩინეთი ან უხანი.
ჩინეთის კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის დამალვაში ღიად დებს ბრალს ამერიკის შეერთებული შტატები.