საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები მოიხსნა. გვიან ღამით საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ მარნეულში არსებული სამივე საკონტროლო გამშვები პუნქტის დემონტაჟი განახორციელა. მოიხსნა ღამის ძლიერი განათების სისტემა, სათვალთვალო კამერები და რკინა-ბეტონის ბარიერები, ასევე დაიშალა საველე სამედიცინო კარვები.
მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა. შეზღუდვების მოხსნა ამ ეტაპზე არ ეხება ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს, სადაც კვლავ რჩება საკონტროლო გამშვები პუნქტები და სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამართალდამცავებთან ერთად 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ავტომანქანების შემოწმება, დეზინფექცია და მოსახლეობის თერმოსკრინინგი.
22 მარტიდან თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სხვადასხვა ლოკაციაზე 85 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო, სადაც პროცესის მართვას ერთობლივად ახორციელებდნენ.
22 მარტიდან დღემდე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით 1 701 955 ავტომანქანა დაამუშავეს სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო 2 500 018 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს.
თერმოსკრინინგის ფარგლებში ტემპერატურა დაუფიქსირდა 158 პირს, რის შესახებაც შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა მართვის ცენტრებსა და სამედიცინო დახმარების ცენტრს, შედეგად კი, დროულად მოხდა შესაბამისი რეაგირება და ვირუსის გავრცელების პრევენცია.